ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების და საჰაერო ძალების აკადემიების 11 კადეტი დღეს ქართულ სამხედრო - საგანმანათლებლო სისტემას გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელმა სტუმრებმა დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომპლექსი დაათვალიერეს და ქართველ მსმენელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე კადეტებმა ამერიკის საზღვაო ძალების და საჰაერო ძალების აკადემიების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. მათ ასევე მოისმინეს ქართული სამხედრო სასწავლების მსმენელების ინფორმაცია ქართული სამხედრო განათლების სისტემაზე. შეხვედრას ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.