თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2017 წლიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში ამოქმედდა თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური სამხედრო და სამოქალაქო კადრების მომზადებას თავდაცვის ანალიზის სპეციალიზაციით. ამ ეტაპზე სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამას ქვეყანაში ანალოგი არ გააჩნია. იმისათვის, რომ ქართული სამხედრო განათლების სისტემა არ ჩამორჩეს თანამედროვე სტანდარტებს ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად მუშაობს არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. სწორედ ამ მიზნით, ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და შემდგომ ხელშეკრულება გააფორმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტთან (RUSI). ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლიდან ბრიტანელი ექსპერტები გაუძღვებიან ომის ტრანსფორმაციის - ჰიბრიდული და ასიმეტრიული ომების მოდულს. დღეს, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებისთვის ლექცია წაიკითხა RUSI-ის ექსპერტმა და უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა (სამხედრო მეცნიერების განხრით) მაიკლ კოდნერმა.