სიახლეები

ლექცია ბალტიის თავდაცვის კოლეჯში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის სამხედრო სტატუსის მქონე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი (სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის უფროსი), ვიცე-პოლკოვნიკი დავით ჩხეტიანი მიმდინარე წლის 26-27 მარტს სპიკერის რანგში ლექციის ჩასატარებლად თემაზე „ჰიბრიდული ომი“ მიწვეული იყო ესტონეთის ქალაქ ტარტუში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სასწავლო დაწესებულებაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენელი მიწვეულია ლექციის ჩასატარებლად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, როგორიც ჰიბრიდული ომი და მისგან მომავალი საფრთხეებია. აღნიშნული ლექცია ბალტიის თავდაცვის კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის, ნატო-ს მიერ აკრედიტირებულ კრიზისების მართვის ოპერაციების მოდულის ფარგლებში ჩატარდა.

მსგავსი სახის ვიზიტები ერთი მხრივ, ზრდის აკადემიის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს აკადემიის სამხედრო ინსტრუქტორებისა და პროფესორ-მასწავლებლების პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

ეროვნული თავდაცვის აკადემია მომავალშიც გეგმავს ბალტიის თავდაცვის კოლეჯთან თანამშრომლობის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც ორ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შორის კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას განაპირობებს.