დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამებსა და სამხედრო განათლების საწყის საფეხურს.
აკადემიაში ჩაბარების შემდეგ იუნკერი ირიცხება სასწავლო ბატალიონში, რომელიც წარმოადგენს აკადემიის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს და უზრუნველყოფს იუნკერთა მაღალ აკადემიურ მოსწრებასა და დისციპლინის კონტროლს.
აკადემიაში მოსვლისთანავე იუნკერი ეცნობა აკადემიაში ცხოვრების ძირითად საფუძვლებს და ერთვება საწყის საბრძოლო მომზადების კურსში. კურსის მიზანია აკადემიაში ჩარიცხული იუნკერების ფიზიკური ამტანობის, სტრესულ სიტუაციაში ემოციური მდგრადობისა და ბაზისური სამხედრო უნარების განვითარება, მასში სამხედრო დისციპლინის ჩამოყალიბება და არსებული გამოწვევებისთვის მომზადება. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5 კვირას.
სასწავლო ბატალიონში ფუნქციონირებს ,,იუნკერთა ლიდერად ჩამოყალიბების სისტემა'', რომელიც იუნკერებს საშუალებას აძლევს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების ათვისების პარალელურად შეიძინონ დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობასთან და ზემდგომ მეთაურებთან მუშაობის გამოცდილება.