ორგანიზაციული სტრუქტურა

ფინანსების მართვის სამმართველო

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის  აკადემიის ფინანსების მართვის სამმართველოს დებულება

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. ეს დებულება განსაზღვრავს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) შტაბის ფინანსების მართვის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2. სამმართველო შედის აკადემიის სტრუქტურული ერთეულის - შტაბის შემადგენლობაში.
  3. სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აკადემიის წესდების, წინამდებარე დებულებისა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
  4. სამმართველო ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორისა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის წინაშე.

 მუხლი 2. სამმართველოს ამოცანა

სამმართველოს ამოცანაა აკადემიის ბიუჯეტის შედგენა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი. აკადემიის ფინანსური ოპერაციებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.

 მუხლი 3. სამმართველოს ძირითადი ფუნქციები

 სამმართველოს ფუნქციებია:

  1. აკადემიაში ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  2. აკადემიის ბიუჯეტის პროექტის შედგენა, რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსისთვის წარდგენა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;
  3. აკადემიის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სამივლინებო ხარჯების და სოციალური და სხვა დახმარებების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების წარმოება და მონიტორინგი;
  4. კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით საგადასახადო, სახაზინო და საბანკო ოპერაციების განხორციელება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ელექტრონული დეკლარირება;
  5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების წარმოება;
  6. აკადემიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება და თავდაცვის სამინისტროში წარდგენის მიზნით, აკადემიის რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსისთვის წარდგენა;
  7. აკადემიის გეგმების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების დაგეგმვა;
  8. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული ბიუჯეტის დაზუსტების შესახებ წინადადების მომზადება;
  9. კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  10. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისიწინებული ვალდებულებების განხორციელების უზრუნველყოფა;
  11. აკადემიის მოსამსახურეთა სახელფასო ანგარიშების გახსნა, სახელფასო პლასტიკური ბარათებით უზრუნველყოფის საკითხების კოორდინირება და შესაბამის მომსახურე საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
  12. სამმართველოში შემოსული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის საფუძველზე მატერიალური ფასეულობათა სინთეზური და ანალიზური აღრიცხვის წარმოება;
  13. პერიოდულად აკადემიის უზრუნველყოფის სამსახურის ლოგისტიკური აღრიცხვის ჯგუფთან საბუღალტრო მონაცემებისა და აკადემიაზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა შორის შედარების წარმოება;
  14. მატერიალური ფასეულობების ელექტრონული და დოკუმენტირებული აღრიცხვის წარმოებისათვის სამმართველოში შემოსული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის შეგროვება/დახარისხების განხორციელება;
  15. კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

  მუხლი 4.  სამმართველოს სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

 

  1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის რექტორი.
  2. სამმართველოს შემადგენლობაში შედიან: სამმართველოს უფროსი, მთავარი ბუღალტერი, მთავარი სპეციალისტი,  უფროსი სპეციალისტი, საბუღალტრო აღრიცხვის ჯგუფი: ჯგუფის უფროსი, სპეციალისტი.

 სამმართველოს უფროსი:

 

  1. სამმართველოს საქმიანობის ხელმძღვანელობა და სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება;
  2. სამმართველოს მოსამსახურეთა სამსახურეობრივ და შრომით დისციპლინაზე პასუხისმგებლობა;
  3. სამმართველოს თანამშრომლებზე კორესპონდენციის და სამუშაოს განაწილება;
  4. საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმარების ხელმძღვანელობა, ანგარიშების სწორი მართვა და ფულადი სახსრების კანონიერი ხარჯვა;
  5. კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ფინანსური ოპერაციების განხორციელება, საბანკო, სახაზინო და სხვა ფინანსური სახის დოკუმენტებზე ხელის მოწერა;
  6. ხარჯთაღრიცხვის შესრულების მიმდინარეობის, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორების, აგრეთვე ფულადი სახსრების განკარგვის მიზნობრიობის კონტროლი;
  7. აკადემიის ხელმძღვანელობისთვის სამმართველოს მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  8. შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად აკადემიის ბიუჯეტის შესრულების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  9. კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა/შედგენაში მონაწილეობის მიღება და დოკუმენტაციის დამუშავება;
  10. ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების  (პროექტების) ვიზირებას;
  11. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსთან სამმართველოს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით შუამდგომლობა;
  12. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსთან შუამდგომლობა დაქვემდებარებულთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით;
  13. პერიოდულად სამმართველოს პერსონალისგან ანგარიშის ჩაბარება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
  14. უფლებამოსილების ფარგლებში აკადემიის სტრუქტურული ერთეულებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;
  15. სამმართველოს პერსონალის მიერ შვებულებების გამოყენების რიგითობის დადგენა;
  16. რექტორისა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის წინაშე ანგარიშვალდებულება;
  17. რექტორისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

 მუხლი 5. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში   ცვლილებებისა   და   დამატებების   შეტანა   აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.