დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ და პირადმა შემადგენლობამ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში სოფელ შინდისში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გმირებს პატივი ასევე მიაგეს აკადემიაში მიმდინარე „საზაფხულო ბანაკის“ მოაწილეებმა. შინდისში დაღუპული გმირები სენაკის II ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ. ისინი მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან შეტაკების შედეგად დაიღუპნენ.
დღესვე, აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე გორის საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ წირვას დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ რექტორს საჩუქრად ხატი გადასცა.