სიახლეები

აშშ-ის გენერლის ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

აშშ-ს სახმელეთო ჯარების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სარდალი გენერალ-მაიორი ფრანკ ტერნერი დავით აღმაშენებლის სახელობის  საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. ფრანკ ტერნერი დელეგაციის წევრებთან ერთად აკადემიის რექტორს, ზურაბ აგლაძეს და კომენდანტს, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძეს შეხვდა. ქართულმა მხარემ სტუმრებს აკადემიის სტრუქტურისა და პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. აკადემიის რექტორმა მათ სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და საბაკალავრო პროგრამები გააცნო. ისაუბრეს აგრეთვე აკადემიაში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე.

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები  დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ, რომლებიც ამჟამად აკადემიაში სასწავლო კურსს გადიან. მათ დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესზე, მათთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სრულფასოვანი ინტეგრირების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ, ამერიკელმა სამხედრეობმა ექვსი ქართველი მსმენელი მოინახულეს, რომლებმაც გასულ წელს ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში გაცვლითი პროგრამის  ფარგლებში  სასწავლო კურსები გაიარეს.

დღესვე, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა: სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები,  სასადილო და სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს.