ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება აკადემიის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 93-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო. სამხედრო ფიცის დადება იუნკერებს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა და კურსდამთავრებულებს კარიერულ წინსვლაში წარმატება უსურვა. ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში დიმიტრი ლეჟავამ ქვეყნის პრეზიდენტის მილოცვის ტექსტი წაიკითხა. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულ ლეიტენანტებს დიპლომები გადაეცათ. წარმატებული სტუდენტები სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ.
წელს აკადემია 74 იუნკერმა დაასრულა, 19 მსმენელმა კი ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი გაიარა.
დღეიდან კურსდამთავრებულ იუნეკერებს ლეიტენანტის წოდებასთან ერთად მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მენეჯმენტის, ინფორმატიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალობებში.
კურსდამთავრებული იუნკერები აქტიურად იყვნენ ჩართული ,,იუნკერთა ლიდერად ჩამოყალიბების სისტემაში’’. აღნიშნული სისტემის ფარგლებში მათ სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობები ეკავათ.კურსდამთავრებულები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში, მათ შორის მივლინებით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ლიეტუვას, საფრანგეთის, თურქეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ლატვიის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში.
ოთხი წლის განმავლობაში იუნკერები სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სამეცნიერო და ტექნიკურ კონფერენციებში, სტუდენტურ დღეებში, საერთაშორისო რეგიონალურ გამოფენაში, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, ინტელექტუალურ თამაშებსა და სატელევიზიო პროექტებში.