ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დასრულდა საზაფხულო სკოლა „ჩემი სამყარო“. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა 30 უფროსკლასელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან - როგორც მაღალმთიანი გურიისა და აჭარის სოფლებიდან, ისე შიდა ქართლისა და აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან.
მონაწილეებისთვის პროექტის მიმდინარეობა საკმაოდ საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა, ისინი ჩართულები იყვნენ სხვადასხვა სახის სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და შემეცნებით კონკურსებში.
მოსწავლეებმა მოწვეულ სპიკერებთან ერთად საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანზე, საერთაშორისო განათლების პროგრამებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა 2008 წელს სოფელ შინდისში დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის მემორიალი მოინახულეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
პროექტის ბოლოს საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ეკა მეტრეველმა სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.