სიახლეები

ფიცის დადების ცერემონია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე, პირველი კურსის იუნკერთა სამხედრო ფიცის დადების ღონისძიება გაიმართა.

ფიცის დადებამდე ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ, გვირგვინით შეამკო სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალები. ​იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის 87 იუნკერი დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს ოფიციალურად შეემატა. დღესვე აკადემიის სამწყობრო მოედანზე სამხედრო ფიცი დადო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 39-მა მსმენელმა.

საწყისი საბრძოლო მომზადების ათკვირიანი კურსი, რომელიც პირველი კურსის იუნკერებმა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა წარმატებით გაიარეს, მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. სწავლების პერიოდში კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს საერთო საჯარისო ტაქტიკა, საერთო საჯარისო წესდებები, სამწყობრო მომზადება, პირველადი სამედიცინო დახმარება და სხვა სამხედრო დისციპლინა.

პირველი კურსის იუნკერებსა და მსმენელებს საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შესვლა და სამხედრო ფიცის დადება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ მიულოცეს.

ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ იუნკერთა ოჯახის წევრები, რომლებმაც ღონისძიების ბოლოს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.