სიახლეები

აკადემიაში ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსმენელებმა ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი დაასრულეს.

კურსი 11 თვის მანძილზე გრძელდებოდა და  ოფიცერთა მომზადებას ისახავდა მიზნად. მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სერჟანტ-კაპრალები მონაწილეობდნენ. თავდაპირველად კურსზე 84 სამხედრო მოსამსახურე ჩაირიცხა, ხოლო დასრულება მხოლოდ 48 მსმენელმა შეძლო. კურსის დასრულების შემდეგ მათ ოფიცერთა პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“ მიენჭათ.

ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის ფარგლებში, მსმენელებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. სამხედრო მოსამსახურეებმა საერთო-საჯარისო ტაქტიკა, საცეცხლე მომზადება, სამხედრო ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა შეისწავლეს. ისინი ასევე, სამთო, ჯავშანსატანკო და საარტილერიო მომზადების სპეციფიკასაც გაეცნენ.

წარჩინებულ მსმენელებს დიპლომები გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ გადასცა. კურსდამთავრებულები შეიარაღებული ძალების მთავარმა მოძღვარმა, მამა დავითმა დალოცა და წარმატებები უსურვა.  ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიას ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.