სიახლეები

აკადემიაში სამხედრო საგამოფენო სივრცე გაიხსნა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცე გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გენერალ კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ღონისძიებამ საგამოფენო სივრცეში გადაინაცვლა.

საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის ძალების მოადგილემ პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცე გახსნეს, სადაც მუდმივი ექსპოზიციის სახით წარმოდგენილი იქნება აკადემიის ისტორიის ამსახველი ფოტოები, ხელნაწერები, ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობა. აღნიშნული საგამოფენო სივრცე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით მომზადდა.

ღონისძიების ბოლოს, სამხედრო სამუზეუმო სივრცის მოწყობისთვის გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის აკადემიის პირად შემადგენლობასა და მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადაეცათ.