დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მხატვარ ანდრო კანდელაკის ნახატების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა II მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 68 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები II მსოფლიო ომის მონაწილისა და მხატვრის ანდრო კანდელაკის ნახატებსა და კარიკატურებს გაეცნენ. გამოფენას მხატვრის შვილი, აკადემიკოსი იური კანდელაკიც დაესწრო.
ნამუშევრები უნიკალურია, რადგან უშუალოდ ბრძოლის ველზეა შექმნილი და სამამულო ომის ქრონოლოგიას ასახავს. ნახატები ძირითადად ფანქარში, ტუშში, აკვარელსა და გუაშშია შესრულებული.
ანდრო კანდელაკს 1965 წელს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა; ხოლო 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ნახატების კრებული „მხატვრის ღიმილი“ გამოიცა.