სიახლეები

აკადემიაში სამეცნიერო რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში თამარ მეფის გარდაცვალებიდან 800 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო რესპუბლიკური კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას აკადემია პირველად მასპინძლობს. მასში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები და მსმენელები, ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

კონფერენცია აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ გახსნა. წარმოდგენილი ნაშრომების ძირითადი ნაწილი თამარ მეფის მოღვაწეობას ეძღვნებოდა. იმ პერიოდს როდესაც, საქართველო ახლო აღმოსავლეთში ერთ–ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო, როგორც პოლიტიკური, კულტურული, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ნაშრომები ასევე საქართველოს ისტორიის სხვა მნიშვნელოვან მოღვაწეებს, პერიოდებს და საკითხებს ეხებოდა.

სამეცნიერო კონფერენცია აკადემიაში 2 დღე გაგრძელდება.