დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებების ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილეებმა, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ და პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.
სახელმწიფო ჰიმნის და წუთიერი დუმილის შემდეგ, აკადემიის პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების იუბილე მიულოცეს და სიტყვით მიმართეს რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა,აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, მარიამ ღამბაშიძემ, იუნკერმა ნინო გოგილავამ და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო სკოლის მსმენელმა გიორგი გვენეტაძემ.
დღესვე, საპატიო სიგელები გადაეცათ დაჭრილ - დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე საპატიო სიგელებით და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ აკადემიის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები. აკადემიის რექტორის ბრძანებით მადლობა გამოეცხადა 112 სამხედრო მოსამსახურეს და 61 სამოქალაქო პირს.
ღონისძიება დასრულდა საზეიმო სადილით, რომელიც ღია სივრცეში რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.