ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ფსიქოლოგია და თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართა.
ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორებმა და დოქტორანტებმა. კონფერენციას ესწრებოდნენ ფსიქოლოგიის დარგში მოღვაწე საპატიო სტუმრები. მომხსენებლებმა წარმოადგინეს საკუთარი თეორიული თუ კვლევითი ასპექტები ფსიქოლოგიის იმ დარგებიდან, რომლებშიც ისინი მუშაობენ სამეცნიერო კუთხით.
მოხსენებები ეხებოდა მრავალფეროვან თემებს: „ორგანიზაციული კლიმატი, როგორც საბრძოლო სიძლიერის ელემენტი“, „პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, დაძლევის სტრატეგიების და პოსტტრავმული ზრდის ურთიერთკავშირი ქართველ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებში“, „პასუხისმგებლობა და მისგან განრიდება“ და სხვა.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსიქოლოგიის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს. იმ მონაპოვარს, რაც არსებობს სამხედრო ფსიქოლოგიის მიმართულებით. აღინიშნა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდი რესურსია, რომელიც შემდგომ განვითარებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.
ეროვნული თავდაცვის აკადემია როგორც სამეცნიერო პრაქტიკული, ასევე სტუდენტური კონფერენციების ფორმატში ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.