სიახლეები

სტუდენტური კონფერენცია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე „NATO - საქართველოს ურთიერთობა ეროვნულ უსაფრთხოების კონტექსტში: არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“, რომელიც დისტანციურ რეჟიმში, ზუმის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ჩატარდა.

კონფერენცია გახსნა მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იოსებ ჯაფარიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მონაწილეებს წარმოდგენილი საინტერესო სამეცნიერო სტატიებისთვის. კონფერენციას ესწრებოდნენ მაგისტრატურის და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პროფესორ მასწავლებლები.

საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს, როგორც მაგისტრატურის თავდაცვის ანალიზის, სახელმწიფო რესურსების მართვის და უსაფრთხების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების იუნკერებმა, ასევე სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა თემები NATO - საქართველოს ურთიერთობების ისტორიის, არსებული გამოწვევებისა და ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით. საკონფერენციო თემატიკა ასევე შეეხო საქართველოს მიერ აღებული ჩრდილოატლანტიკური კურსის მიზნებს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემებს, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გარანტიების ძიების პროცესში არსებულ გამოწვევებს, საქართველოს NATO -ში გაწევრიანების პოტენციალს და სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებლობის და დემოკრატიული განვითარების პროცესის მნიშვნელობას ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივების ჭრილში.

კონფერენცია მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი თემების აუდიტორიისთვის გაზიარებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.