სიახლეები

23 თებერვალი აკადემიაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეა

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

დაღუპული გმირების ხსოვნას აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად მიაგო პატივი. 

თავდაცვის მინისტრმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მოგვიანებით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო მუზეუმში წიგნის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ) შეიარაღებული ძალები“ პრეზენტაციას დაესწრნენ. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებსა და იუნკერებს წიგნი ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა და ავტორებმა გააცნეს. მოწვეულმა სტუმრებმა ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცეც დაათვალიერეს, სადაც მუდმივი ექსპოზიციის სახით აკადემიის ისტორიის ამსახველი ფოტოები, ხელნაწერები, ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობაა წარმოდგენილია. 

ღონისძიებების ბოლოს, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში აკადემიის იუნკერების მონაწილეობით სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. იუნკერებმა სცენაზე 1921 წლის თებერვლის მოვლენები გააცოცხლეს.

სპექტაკლის პრემიერას აკადემიის ხელმძღვანელობა და პირადი შემადგენლობა დაესწრო.