სიახლეები

სომხეთის სამხედრო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აკადემიაში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 27-30 მარტს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ სომხეთის სამხედრო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: რექტორი, პოლკოვნიკი არტურ იეროიანი, განათლების და მეთოდოლოგიის მიმართულების უფროსი, პოლკოვნიკი ლევონ დავიდიანი და სომხეთის თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილე ტიგრან არუთინიანი. სტუმრებს აკადემიის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია აკადემიის შესახებ, გაეცნენ სტრუქტურას და წარადგინეს საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულება. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამხედრო განათლების პრიორიტეტებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

სამუშაო შეხვედრა ასევე განხორციელდა აკადემიის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან, სადაც არსებული სამაგისტრო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში, დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე. ვიზიტის დასასრულს, სტუმრებმა სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს აკადემიის სტუმართა ჩანაწერების წიგნში და საჩუქრები გაცვალეს.