სიახლეები

აკადემიაში რიგით მეექვსე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რიგით მეექვსე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მიმდინარე წლის 4 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, აკადემია მასპინძლობს 35-მდე საერთაშორისო და ქართველ კადეტს ექვსი ქვეყნის უცხოური სამხედრო აკადემიიდან და სამი ადგილობრივი პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

კადეტთა საერთაშორისო კვირეული, აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში აკადემიის რექტორმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნული კვირეულის მნიშვნელობაზე და მონაწილეებს აკადემიაში საინტერესო კვირის გატარება უსურვა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების განმავლობაში, კვირეულის მონაწილეები ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში. კვირეულის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სახის შემეცნებითი ლექციებიც.

საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის განმტკიცებას, მომავალი ოფიცრებისა და სამხედრო ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას და აკადემიის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე სტუმრებისათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ზოგადად, საქართველოს გაცნობას.