სიახლეები

აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი აკადემიაში

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი როი მედოქსი იმყოფება. ამერიკელ სტუმარს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი მასპინძლობს.

დღეს, აშშ-ის ევროპული სარდლობის  მთავარი სერჟანტი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. ამერიკელი დელეგაციის წევრებმა  აკადემიის რექტორთან ზურაბ აგლაძესთან გამართეს შეხვედრა. შეხვედრას ასევე,  საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, აკადემიის უფროსი სერჟანტი თორნიკე თვარაძე და მასტერ–სერჟანტი გიორგი ბრეგვაძე დაესწრნენ.

ქართულმა მხარემ სტუმრებს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, დაჭრილი სამხედროებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, სასწავლო კურსებსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მათი სრულფასოვანი ინტეგრირების პროცესებს.

ამერიკელმა სტუმარმა აკადემიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთანაც გამართა შეხვედრა, რომლებიც ამჟამად აკადემიაში სასწავლო კურსს გადიან. 

აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი გორში სამხედრო ჰოსპიტალსაც ესტუმრა და ISAF-ის საერთაშორისო მისიის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები პირადად მოინახულა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში,  მთავარმა სერჟანტმა როი მედოქსმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან, მის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან.

დღესვე, აშშ-ის ევროპული სარდლობის დელეგაცია  ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა. კრწანისის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ სტუმრებს სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. მთავარი სერჟანტი როი მედოქსი  ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიისთვის მზადების პროცესსაც დაესწრო.