პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. სასწავლო პროგრამა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეორე კურსის იუნკერებმა წარმატებით დაასრულეს.
კურსი სამი კვირის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში საჩხერესა და ჭიათურაში განთავსებულ სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. წვრთნების ფარგლებში მონაწილეებმა სამთო-ტექნიკურ მომზადებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები განავითარეს და სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები შეისწავლეს. იუნკერები მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით გადაადგილების, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის ევაკუაციის, კლდეზე დაშვების, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, კლდეზე ცოცვის, მდინარისა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხებს დაეუფლნენ.
კურსდამთავრებულებს კურსის წარმატებით დასრულება ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი არაბულმა მიულოცა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა მეორე კურსის იუნკერი, სალომე დავითულიანი, რომელმაც კურსის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.