სიახლეები

იუსტიციის მინისტრმა მოადგილეებთან ერთად აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან ერთად სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. ღონისძიების სტუმრებს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა.

იუსტიციის მინისტრი და მოადგილეები საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შეკრებილ იუნკერებს სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავებზე ესაუბრნენ, რომლებიც აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებით დასრულდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება; აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის მძლავრი სამართლებრივი იარაღია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის.

აღნიშნული ღონისძიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.