ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება და აკადემიის 103 წლის იუბილე - სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალებს 110 ლეიტენანტი შეემატა.
აკადემიის დასრულება ლეიტენანტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცეს.
იუნკრებს ლეიტენანტის წოდებასთან ერთად შესაბამის სპეციალობებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ. გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ, წარჩინებულები კი საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე საპატიო სიგელები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებს და იუნკერებს. ნომინაციები წარმოდგენილი იყო შემდეგ კატეგორიებში: ,,საუკეთესო იუნკერი/მსმენელი სამხედრო საქმეში''; ,,საუკეთესო საბაკალავრო ნაშრომი'' - პროგრამების მიხედვით; ,,საუკეთესო ლიდერი’’; ,,საუკეთესო მსროლელი’’; ,,საუკეთესო იუნკერი/მსმენელი ფიზიკურ მომზადებაში''.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის 103 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ აკადემიის წარმომადგენლები, ასევე აკადემიის პირადმა შემადგენლობამ სასწავლო წლის განმავლობაში განსაკუთრებული შრომისთვის სტატუეტი „იუნკერი“ მიიღო. საპატიო საჩუქრები - „დავით აღმაშენებლის“ სტატუეტები გადაეცა თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს.
ოთხი წლის განმავლობაში იუნკერები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ,,იუნკერთა ლიდერად ჩამოყალიბების პროგრამაში’’; სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სამეცნიერო კონფერენციებში, სტუდენტურ დღეებში, საერთაშორისო და რეგიონალურ გამოფენებში, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, ინტელექტუალურ თამაშებსა და სატელევიზიო პროექტებში.
კურსდამთავრებულებს გავლილი აქვთ სამთო მომზადების საბაზისო კურსი, იმყოფებოდნენ სტაჟირებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში; მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში, მათ შორის მივლინებით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ლიეტუვის, საფრანგეთის, თურქეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ლატვიის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში.
ლეიტენანტები ოფიცრის ძირითად კურსებს სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით გაივლიან, რომლის დასრულებისთანავე საქართველოს თავდაცვის ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე განაწილდებიან.