დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კიდევ ერთი სიახლეა - გაიხსნა „ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრი“. ცენტრი აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა და იუნკერებს მის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
აღნიშნული ცენტრის გახსნა განპირობებულია თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევებით. სულ უფრო აუცილებელია ხდება ისეთი სამხედრო კადრების აღზრდა, რომლებიც ფეხს აუწყობენ თანამედროვე ტექნოლოგიურ სიახლეებს.
ცენტრის მიზანია იუნკერებს განუვითაროს ინოვაციური აზროვნების და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების კომპლექსურ - პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მექანიკის ინჟინერიის, ინფორმატიკის და სხვა პროგრამის იუნკერებს შესაძლებლობა ექნებათ კიდევ უფრო გაიღრმავონ ცოდნა საგანმანათლებლო სფეროში.
ცენტრი მოიცავს სამუშაო სივრცეებს, სადაც განთავსებულია მექანიკური, ელექტრონული და კომპიუტერული საშუალებები. აქ იუნკერებს შესაძლებლობა ექნებათ მოახდინონ იდეების გენერირება, პროექტების შექმნა, კომპიუტერული მოდელირება, პროგრამირება, მოწყობილობების კონსტრუირება, რობოტიზებული სისტემების აწყობა, ექსპერიმენტების ჩატარება, ტექნოლოგიების დემონსტრირება, პრეზენტაციების მოწყობა და სხვა.
ცენტრი აღიჭურვება სხვადასხვა სახელოსნო საშუალებებით, როგორიცაა: 3D პრინტერები, დამამუშავებელი დაზგები და სხვა.