ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 7- 8 ნოემბერს დისტანციური სწავლების ცენტრისა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯთან (NDUC) ერთობლივი თანამშრომლობით, გაიმართა დისტანციური სწავლების პირველი საერთაშორისო კონფერენცია - "დისტანციური სწავლება, გამოწვევები და შესაძლებლობები".
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.
კონფერენციაზე მონაწილეობისათვის, ეროვნული თავდაცვის აკადემიას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდნენ ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის ფაკულტეტის ადმინისტრირებისა და ციფრული განყოფილების დირექტორი- გეირ ისაქსენი და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის დეკანი- საირა ჰამიდ ბასიტი თანმხლებ პირებთან ერთად. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ბულგარეთის, უნგრეთისა და ნატოს თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლები. აღნიშნულ კონფერენციას დისტანციურად დაესწრნენ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ამერიკის შეერთებული შტატების ჯეფერსონის ინსტიტუტის პრეზიდენტმა აარონ პრესნალმა, ვირჯინიის მოდელირების ანალიზის სიმულაციური ცენტრის წარმომადგენელმა ულფ ჯინესტრანდმა, უკრაინის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების (ADL) ცენტრის უფროსმა მაქსიმ ტისჩენკომ, ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის დისტანციური სწავლების წარმომადგენელმა კატალინ რადუმ და NATO-ს ელექტრონული სწავლების მენეჯერის მოადგილემ სალიჰ სემ კუსმალმა.
გარდა უცხოელი სტუმრებისა ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს, ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები.
კონფერენციის მთავარ მიზანს მონაწილე ქვეყნების მიერ გამოცდილების გაზიარება და დისტანციური სწავლების სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა. აღნიშნული ღონისძიება აკადემიას გაუჩენს მეტ შესაძლებლობას დანერგოს ინოვაციური და თანამედროვე მიდგომები დისტანციურ სწავლებაში და საფუძველს ჩაუყრის გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს საერთაშოროსო თანამშრომლობის კუთხით.
კონფერენციის დასასრულს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის ფაკულტეტის ადმინისტრირებისა და ციფრული განყოფილების დირექტორმა გეირ ისაქსენმა კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.