ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამხედრო აკადემიების სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, აზერბაიჯანის და თურქეთის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს უმასპინძლა.
ღონისძიების ოფიციალური გახსნა აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა, სადაც აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის უმაღლესი სამხედრო ინსტიტუტის რექტორი, გენერალ-მაიორი ფიზულ სალაჰოვი, თურქეთის სახმელეთო ძალების სამხედრო აკადემიის მეთაური, გენერალ-მაიორი გიულტეკინ იარალი, თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო აკადემიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გოკალპ ჩელიკი, თურქეთის საზღვაო ძალების სამხედრო აკადემიის წარმომადგენელი, ვიცე- პოლკოვნიკი სედათ აღმიში და დელეგაციის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, აზერბაიჯანის და თურქეთის სამხედრო აკადემიების რექტორებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
გამართულ შეხვედრაზე, აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესაძლებლობებზე ისაუბრა, რის შემდეგაც თითოეული ქვეყნის სამხედრო სასწავლებელმა წარადგინა პრეზენტაცია არსებული აკადემიური და სამხედრო პროგრამების შესახებ, ასევე განხილულ იქნა აღნიშნულ სამხედრო სასწავლებლებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და მიმართულებები.
შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს და სამახსოვრო საჩუქრებიც გაცვალეს.
მოგვიანებით, ოფიციალური პირები დაესწრნენ სამმხრივ სპორტულ ღონისძიებებს, რომლის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის და თურქეთის სამხედრო აკადემიების რექტორებმა გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამმხრივი ფორმატი კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანასთან სამხედრო განათლების სფეროში პარტნიორულ კავშირებს. აკადემიისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი თანამშრომლობის ფორმატებში სამუშაო შეხვედრების გამართვა უცხოური გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.