ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი თეონა ლაბაძე - პირველი ქალი იუნკერია, რომელიც 2022 წელს სენ-სირ კოეტკიდანის სპეციალურ სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა.
აკადემიის სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის იუნკერმა თეონა ლაბაძემ წარმატებით გაიარა სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში მისაღები კონკურსი. 2022 წლის სექტემბრის თვიდან ქართველი ქალი იუნკერი საფრანგეთის სახმელეთო ჯარების ოფიცერთა საწყისი მომზადების პრესტიჟულ სკოლაში განაგრძობს სწავლას.
,,ჩემი სამხედრო სფეროში მოღვაწეობა 14 წლიდან იწყება, როდესაც კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩავაბარე. სწორედ აქ გამიჩნდა საფრანგეთის აკადემიაში წასვლის სურვილი და დავიწყე მომზადება ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩასაბარებლად. სამხედრო ლიცეუმი და შემდგომ აკადემია დამეხმარა თავისი ცოდნით და დაგროვებული გამოცდილებით. მეორე კურსის ბოლოს გავიარე შესარჩევი კონკურსი, სადაც 40 ქვეყნის მონაწილეებიდან 20 კანდიდატს შორის მოვხვდი.''- აღნიშნავს იუნკერი.
სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში სწავლობდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები: ზურაბ მანჩხაშვილი, გურამ სეფიაშვილი და გიორგი ცინცქილაძე.
სენ-სირ კოეტკიდანის სპეციალური სამხედრო სკოლა მაღალი დონის სამხედრო-საგანმანათლებლო სასწავლებელს წარმოადგენს. სკოლა სახმელეთო ძალების მომავალ ოფიცრებს იმ ფუნდამენტურ ცოდნას აძლევს, რაც კარიერის განმავლობაში თავისი ფუნქციების სათანადოდ განხორციელებაში დაეხმარება.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სწავლას აგრძელებენ ისეთ წამყვან სამხედრო სასწავლებლებში, როგორებიცაა: აშშ-ის სახმელეთო ჯარების აკადემია, აშშ-ის საზღვაო აკადემია, გერმანიის ბუნდესვერის უნივერსიტეტი, თურქეთის სახმელეთო ძალების აკადემია და თურქეთის საჰაერო ძალების აკადემია. მათი წარმატებების შესახებ ინფორმაციას მომდევნო რუბრიკებში შემოგთავაზებთ.