სიახლეები

აკადემიის იუნკერები West-Point - ის სამხედრო აკადემიაში

2023 წლის 14 აპრილიდან 24 აპრილის პერიოდში ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსის იუნკერები შოთა სიმონიშვილი და ზურაბ გოგიაშვილი "საზღვარგარეთის აკადემიების გაცვლით პროგრამაში (Foreign Academy Exchange Program)" მონაწილეობის მიზნით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, West-Point - ის სამხედრო აკადემიაში იმყოფებოდნენ.

,,ამერიკის შეერთებული შტატების west point-ის სამხედრო აკადემიაში ვიზიტი და კადეტების ყოველდღიურობის გაცნობა, პირადად ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო. გავიგე უამრავი ახალი და საინტერესო რამ, რაც ნამდვილად გამომადგება კარიერული განვითარების მხრივ. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში 40-მდე ქვეყნის სამხედრო აკადემიის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, ამის მთავარ მიზანს კი მომავალ ოფიცრებს შორის სამომავლო ურთიერთობების განვითარება წარმოადგენდა. ჩემთვის უდიდესი პატივი და ამასთანავე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საკუთარი ქვეყნის სახელის საზღვრებს გარეთ წარმოჩენა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ჩვენი უდიდესი ისტორიის გაცნობა. საბოლოო ჯამში ღონისძიება საკმაოდ პროდუქტიული და საინტერესო გამოდგა და მოხარული ვიქნები თუ კიდევ უფრო მეტ იუნკერს მიეცემა მსგავს პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა და მსგავსი გამოცდილების შეძენა.’’-აღნიშნავს იუნკერი ზურაბ გოგიაშვილი.

,,14-24 აპრილის განმავლობაში, მივყოფებოდი ამერიკის სამხედო აკადემიაში, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოხდინა ჩემზე. აკადემიაში არსებულმა გარემო-პირობებმა, კადეტების ურთიერთდამოკიდებულებამ და სხვადასხვა კულტურულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შემმატა. კერძოდ, გავეცანი იქაურ ყოველდღიურ გარემოს, კადეტების საქმიანობასა და მათი ცხოვრების წესებს, ასევე გავიცანი ბევრი ადგილობრივი და სხვა ქვეყნის კადეტი, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა; დავესწარი საინტერესო ლექციებს, რომლებიც ეხებოდა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, ათეულის დონის ოპერაციებს და სხვა. ლექციების პერიოდში განვიხილეთ გაერო, მისი ძირითადი პუნქციები და მუხლები.

West Point-ის აკადემიაში ყოფნისას, ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ამოცანითი მართვა. აღსანიშნავია ზემდგომებისა და კადეტების ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვა ოპერაციის შესრულებისას, თუ ყოველდღიური საქმიანობის დროს. განსაკუთრებით მოხიბლული ვარ კადეტების ცოდნითა და გამოცდილებით, ვინაიდან მათ კარგად აქვთ გააზრებული თავიანთი ფუნქცია-მოვალება და ის ღირებულებები, რომელიც ამ ინსტიტუტს გააჩნია.

ძალიან კარგი იქნება, თუ ბევრი იუნკერი წავა ამერიკის სამხედრო აკადემიაში და ნახავს იმ ყოველდღიურ გარემოს, იქაურ მდგომარეობას და გაეცნობა მათ კულტურას. რადგანაც საერთო ჯამში ამ ღონისძიების მიზანსაც ეს წარმოადგენდა, რომ მიგვეღო გარკვეული გამოცდილება და გაგვეცნო ერთმანეთი, როგორც პარტნიორები და მოკავშირეები; როგორც ერთიანი გუნდი, რომელიც დავალებას ერთად შეასრულებს.'' - შთაბეჭდილებას გვიზიარებს იუნკერი შოთა სიმონიშვილი.