მიმდინარე წლის 25-28 აპრილს გაიმართა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამხედრო აკადემიების რექტორების სამმხრივი შეხვედრები, რომელსაც ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის სამხედრო ინსტიტუტმა უმასპინძლა. აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრებზე წარმოდგენილი იყვნენ თურქეთის სამხედრო აკადემიის და აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის სამხედრო ინსტიტუტის ხელმძღვანელი პირები; აკადემიის მხრიდან, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას იღებდნენ აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გიორგი ლაღიაშვილი და ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ზურაბ ზერეკიძე.
გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს სამხედრო აკადემიებში არსებული აკადემიური და სამხედრო პროგრამების და მიმდინარე სწავლებების შესახებ, ასევე, თითოეული აკადემიის მხრიდან გაკეთდა გასული წლის განმავლობაში ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ მოკლე შეჯამება. დამატებით განხილულ იქნა აღნიშნულ სამხედრო სასწავლებლებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და მიმართულებები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამმხრივი ფორმატი კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანასთან სამხედრო განათლების სფეროში პარტნიორულ კავშირებს. აკადემიისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი თანამშრომლობის ფორმატებში სამუშაო შეხვედრების გამართვა უცხოური გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.