ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსის იუნკერები - მარი ბასიშვილი და დაჩი ჩალაბაშვილი 15 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით, ლატვიაში, ქ.რიგაში, ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ დაგეგმილ ყოველწლიურ საერთაშორისო კვირეულზე იმყოფებოდნენ.
კვირეულის ფარგლებში, მონაწილეებისთვის დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის აკადემიური და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება.
,,2023 წლის 15-დან 22 აპრილამდე ვიმყოფებოდი ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარებულ კადეტთა საერთაშორისო კვირეულზე, რომელიც საკმაოდ საინტერსო და სავსე იყო სხვადასხვა აქტივობებით; დაგეგმილი და დროში ზუსტად გაწერილი ღონისძიებებით. ლატვიის თავდაცვის აკადემიამ თავიდანვე გამოგვიგზავნა 7 დღის გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოგვემზადებინა თამაშები. აკადემიაში ჩასვლისთანავე გავეცანით სხვადასხვა ქვეყნის კადეტებს თამაშის მეშვეობით, რომელიც ყველა ქვეყანამ განსხვავებული შემოგვთავაზა; შემდეგ უკვე პრეზენტაციების მეშვეობით გავაცანით ერთმანეთს ჩვენი აკადემიები. მრავალი განსხვავებული და ზოგიც საერთო დეტალი აღმოვაჩინეთ მათსა და ჩვენ აკადემიას შორის. დავათვალიერეთ რიგაც, გაგვაცნეს მათი ღირშესანიშნაობები და თითოეულ დეტალში ჩამალული ისტორიაც. აღსანიშნავია ლექციაც, სადაც გავეცანით ლატვიის ისტორიას, განვითარებას და თავისუფლებისთვის ბრძოლას, აკადემიის შექმნის ისტორიას და დღემდე შემონახულ სხვადასხვა ტრადიციას კადეტებში. მრავლად იყო ჯგუფური აქტივობები და შეჯიბრებები. ამ კვირამ მომცა საშუალება გამეცნო, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათი ცხოვრების სტილი და კულტურა, ასევე მათთვის მიმეცა უკუკავშირი, თუ რაოდენ საინტერესო და მრავალმხრივ განვითარებული ქვეყანა გვაქვს ჩვენ, ბევრ მათგანს საქართველოს დათვალიერები. სურვილიც კი გაუჩნდა. ვთვლი, რომ მსგავსი აქტივობები აღრმავებს სხვადასხვა ქვეყნის კადეტების, მომავალი ლიდერების სიახლოვეს და კავშირების ჩამოყალიბებას, რაც აუცილებელია ჩვენს პროფესიაში.''- გვიზიარებს შთაბეჭდილებას იუნკერი მარი ბასიშვილი.
,,ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში ძალზედ შთამბეჭდავი იყო, პირველი ეფექტი ლატვიის თავდაცვის აკადემიის კადეტებმა მოახდინეს, როდესაც ნდობით აღჭირვილები სახელმწიფო მანქანებით დაგვხვდნენ აეროპორტში.
ლატვიის თავდაცვის აკადემიაში ჩაგვიტარდა ძალიან საინტერესო ლექციები, დავაგემოვნეთ ბაზაზე არსებული საკვები. ინვენტარი რა თქმა უნდა აქვთ ნატოს სტანდარტის შესაბამისი და ყველაფერს უმაღლეს დონეზე სცემენ პატივს. დავესწარით ლექციას მორეს ბრძოლაზე და ლატვიის ისტორიაზე, ამის შემდეგ ჩაგვიტარდა ტური ქალაქ მორეში და ვნახეთ ის ბრძოლის ველი, სადაც ლატვიური ასეული წინააღმდეგობას უწევდა წითელი არმიის 6500 კაციან ქვედანაყოფს. მოგვთხოვეს ჯგუფებად დაყოფა და მაკეტების შედგენა. ჩვენ, როგორც მომავალი მეთაურები, რა გადაწყვეტილებებს მივიღებდით იმისათვის, რომ მტერი შეგვენელებინა და ჩაგვეკეტა გზა დედაქალაქისკენ. აქტივობა ძალიან შთამბეჭდავი და არაჩვეულებრივი იყო, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა.
წამოსვლის წინ უაღრესად მნიშვნელოვანი საღამო შედგა, სადაც ყველანი ერთად ვიყავით დიდ დარბაზში და ნელ-ნელა ვემშვიდობებოდით ერთმანეთს, ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს და გამოცდილებებს.
მადლობა, გამოცდილებისათვის და მომავალშიც ვისურვებდი მონაწილეობას''-აღნიშნავს იუნკერი დაჩი ჩალაბაშვილი.