მიმდინარე წლის 4 მაისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია სექციური პრინციპით, რომელიც მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: ინფორმატიკა - ინფორმაციული ტექნოლოგიები, გამოწვევები ტენდენციები; 21-ე საუკუნის კონფლიქტები ევრაზიის კონტინენტზე; გამოწვევები, პერსპექტივები და მიღწევები ეკონომიკასა და მართვაში; თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები.
ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა და მომხსენებლები წარადგინა. კონფერენციაზე ნაშრომები წარმოადგინეს კავკასიის უნივერსიტეტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა.
წარმოდგენილი მოხსენებები იყო მრავალფეროვანი და ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: „ხელნაწერები და საქართველოს სამხედრო ისტორია“, „ახალი ომების თეორია და კონფლიქტების ანალიზი ევრაზიის კონტინენტზე“, „კონცეფციიდან რეალობამდე: უპილოტო საფრენი აპარატები“, „სოციალური მედია და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება“ და სხვა.
ღონისძიების მსვლელობისას, მომხსენებლებმა იმსჯელეს კონფერენციის თემებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.
ღონისძიების ბოლოს, აკადემიის ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.