საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, დანიის სამეფოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იენს ერიკ ჰიორტსი თანმხლებ პირებთან ერთად, 18 მაისს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. დანიის სამეფოს დელეგაციას აკადემიის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დანიის სამეფოს თავდაცვის ატაშეს ვიზიტი, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, პირველად განხორციელდა. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ასევე J -5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში, ეროვნულ გვარდიასა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში.
ვიზიტის მიზანი საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის პროექტით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროების განხილვა იყო.
ვიზიტის ფარგლებში აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს აკადემიის სტრუქტურა, სასწავლო პროგრამები და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს დანიის სამეფოს თავდაცვის კოლეჯსა და აკადემიას შორის განსახორციელებელი აქტიბობები. ვრცლად ისაუბრეს მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობაზე, კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერასა და სასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარებაზე.
დანიურმა მხარემ აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულსა და კონფერენციებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. დანიის სამეფოს დელეგაციის მომდევნო ვიზიტი ივნისის თვეში დაიგეგმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.