დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები აკადემიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და აკადემიის ამოცანებს გაეცნენ. ერთი კვირის განმავლობაში, მოზარდებმა სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და შემეცნებით კონკურსებში მიიღეს მონაწილეობა. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საცეცხლე მომზადების თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები, ასევე სიმულაციური სროლები. ახალგაზრდებმა საკუთარი შესაძლებლობები ინტელექტუალურ თამაშშიც - ,,რა? სად? როდის?'' გამოსცადეს. აკადემიაში სტუმრობის ფარგლებში, მოზარდებმა მოინახულეს სოფელ შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალი, ასევე იმყოფებოდნენ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში და ჰქონდათ შთამბეჭდავი ერთდღიანი საველე გასვლა ატენის ხეობაში.
მოსწავლეების ეთა-ში სტუმრობა მიზნად ისახავს აკადემიის შესახებ ცნობადობის გაზრდას, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას. ეროვნული თავდაცვის აკადემია სკოლის მოსწავლეებს მთელი ზაფხულის განმავლობაში უმასპინძლებს.