სიახლეები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული ენის საკლასო ოთახი

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიხსნა იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული ენის საკლასო ოთახი.

საკლასო ოთახი აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან იუნკერებთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და ქართულ ენაში მომზადების პროგრამის იუნკერები.

აღნიშნულ პროგრამაზე სწავლობენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში შეისწავლიან ქართულ ენას და ქართული ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გახდებიან აკადემიის საბაკალავრო პროგრამის იუნკერები.

საკლასო ოთახში გამოფენილია ქართული მწერლის სურათები, ასევე ამონარიდები იაკობ გოგებაშვილის მიმოწერებიდან და მისი დედა-ენიდან.

გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცა იუნკერებს საკლასო ოთახის გახსნა, უსურვა მათ წარმატებული სწავლა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთ გარემოში ისინი მასწავლებლების დახმარებით სრულყოფილად დაეუფლებიან ქართულ ენას და ქართულ ეროვნულ ფასეულობებს. იუნკერებმა მადლობა გადაუხადეს აკადემიას და რექტორს ასეთი ყურადღებისა და თანადგომისთვის.