სიახლეები

ფიცის დადების ცერემონია

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის 109 კურსდამთავრებულმა იუნკერებმა, პირველად აკადემიის ისტორიაში, სამხედრო ფიცი დიდგორის ისტორიულ ველზე დადეს.
აღნიშნულ ინიციატივას საფუძველი აკადემიის რექტორმა და ხელმძღვანელმა პირებმა ჩაუყარეს. სამხედრო ფიცის დადების ღონისძიება  ტრადიციად ჩამოყალიბდება და სიმბოლურად იქნება დაკავშირებული წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ისტორიულ გამარჯვებასთან, რადგან სწორედ დავით აღმაშენებლის სახელს ატარებს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ, იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. თეორიული სწავლების ფარგლებში, ისინი გაეცნენ სადისციპლინო წესდებას, გაიარეს საინჟინრო და პირველადი სამედიცინო მომზადება. პრაქტიკული მომზადების ეტაპზე კი, იუნკერებმა შეისწავლეს იარაღის გამოყენების, სროლისა და უსაფრთხოების წესები. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში მათ რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პირობებთან შეგუებაც უწევდათ. კურსდამთავრებულები სასწავლო პროცესს აკადემიაში საბაკალავრო პროგრამების მიხედვით გააგრძელებენ.

ფიცის დადების ცერემონიალზე ,,საპატიო სიგელებით“ დააჯილდოვეს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობა. იუნკერები აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ დალოცა. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს იუნკერების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.