საზღვარგარეთის უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაცვლითი პროგრამების ურთიერთანამშრომლობის ფორმატში, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერმა მარიამ მუკბანიანმა, კანადის სამეფო კოლეჯში გამართულ საერთაშორისო სტუდენტურ კვირეულში მიიღო მონაწილეობა.
კვირეული დატვირთული იყო როგორც აკადემიური, ასევე სამხედრო საკითხებით. მონაწილე მხარეებს პრეზენტაციების სახით უნდა წარმოედგინათ საკუთარი აკადემიების სასწავლო პროგრამები, ინფრასტრუქტურა, დღის განრიგი, გამორჩეული ტრადიციები და სხვა. სტუდენტური სიმპოზიუმის ფარგლებში კი უნდა ესაუბრათ და აუდიტორიისთვის შთაბეჭდილება შეექმნათ მათი სახელმწიფოების სამომავლო უსაფრთხოების პრობლემებსა და გამოწვევებზე.
აკადემიურთან ერთად აღნიშნული პროგრამა მოიცავდა სამხედრო საველე სწავლებასაც, სადაც მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ ჩართულიყვნენ სწავლებებში კანადელ კადეტებთან ერთად და პრაქტიკულად განეხორციელებინათ მათი წვრთნის ყველა აქტივობა: ლიდერობის პროგრამა, დაბრკოლებათა ზოლი, სიმაღლიდან დაშვება, რადიოსადგურში ინფორმაციის გადაცემა, ნავიგაცია, საპატრულო ბაზის მოწყობა და სხვა.
მსგავსი კვირეულები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებს, აკადემიებს, სწავლების მეთოდებს და უბრალოდ, როგორც მომავალმა ლიდერებმა ჩამოაყალიბონ მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც არა მხოლოდ აკადემიებს, არამედ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებსაც ძალიან გამოადგება.