სიახლეები

იუნკერების ვიზიტი აშშ-ს საზღვაო აკადემიაში

საზღვარგარეთის უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაცვლითი პროგრამების ურთიერთანამშრომლობის ფორმატში, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის იუნკერმა ალექსანდრე მარგიანმა და მეორე კურსის იუნკერმა დემეტრე ჩხაიძემ, აშშ-ს საზღვაო აკადემიაში გამართულ სამეცნიერო და საინჟინრო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის ძირითადი თემა გახლდათ ,,გენეტიკა: თანამედროვე გამოწვევების გააზრება და მიდგომები". ღონისძიებაში მიწვეული იყო 200-ზე მეტი დელეგატი. აქედან საზღვარგარეთის უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო​ დაწესებულებებიდან 10 კადეტი. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ სხვადასხვა სფეროს ექსპერტების პრეზენტაციებისთვის. პარალელურად, მოწვეული სტუდენტები და კადეტები შესაბამის სამუშაო ჯგუფებში განიხილავდნენ თემის აქტუალურობას და გენურ ინჟინერიაში მიღწეულ ტექნოლოგიურ შედეგებს.
მონაწილე მხარეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი იდეები სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში, რითაც საშუალება მიეცათ წარმოეჩინათ საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულება და შესაძლებლობები. ასევე, საზღვაო აკადემიის გარშემო მოეწყო ტური ,სადაც სტუმრებმა მოინახულეს სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები და გაეცნენ აკადემიის ისტორიას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები სტუდენტებს შორის აყალიბებს მეგობრულ გარემოს, რაც ხელს უწყობს  ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.  მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ რაც შეიძლება მეტი ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ და შეიძინონ გამოცდილება მსგავს სფეროებში.