სიახლეები

აკადემიის ასისტენტ-პროფესორის დაჯილდოვება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ

2022 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (აესს) გამოაცხადა კონკურსი: "2023 წლის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის გარანტიების სტაჟირების პროგრამა  კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის".

აესს-ის მხრიდან კონკურსი მსოფლიო მასშტაბით იქნა გამოცხადებული და მისაღებ კანდიდატთა რაოდენობა რვა ადგილით განისაზღვრა. 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასისტენტ-პროფესორმა თორნიკე ქიმერიძემ მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონკურსში და საკონკურსო ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციამ ოფიციალურად აცნობა ქართულ მხარეს ბატონი თორნიკე ქიმერიძის გამარჯვების თაობაზე.

1996 წლიდან საქართველო არის აესს-ის წევრი სახელმწიფო და 2023 წელს საქართველოს ისტორიაში  პირველი შემთხვევაა, როცა ზემოაღნიშნულ კონკურსში გაიმარჯვა საქართველოს მხრიდან წარდგენილმა კანდიდატმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასისტენტ-პროფესორმა თორნიკე ქიმერიძემ, შემდეგ თემებზე  გადასამზადებლად: „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის გარანტიების“ სახელმწიფოთა ინსპექტორის  და ბირთვული უსაფრთხოების  ოფიცრის მიმართულებაზე.

ზემოაღნიშნული პროგრამის მიზანი იყო მონაწილეების მიერ თავიანთი ცოდნის გაფართოება ბირთვული ტექნიკის მშვიდობიანი გამოყენების შესახებ და ცნობიერების ამაღლება სახელმწიფო დონეზე.

 ,,მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ცხრა თვის განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომისა და წარმატებით გამოცდების ჩაბარების შემდეგ 2023 წლის 19 ოქტომბერს პირადად მოგვილოცა და დამაჯილდოვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსმა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობას ჩემი კანდიდატურის წარდგენისათვის და მხარდაჭერისათვის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტს.

აღნიშნული სწავლება ჩემი პროფესიული განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, რადგან თეორიულ ცოდნასთან ერთად გვქონდა შესაძლებლობა პრაქტიკული ნაწილიც გაგვევლო. მიღებული ცოდნა გამოყენებული იქნება ეროვნული თავდაცვის აკადემიის მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამასა და აკადემიაში არსებულ სხვა საგანმანათლებლო  მიმართულებებზე".ეროვნული თავდაცვის აკადემიის მექანიკის ინჟინერიის ასისტენტ- პროფესორი თორნიკე ქიმერიძე".