სიახლეები

აკადემიის ასისტენტ-პროფესორ თორნიკე ქიმერიძეს ვიზიტი იაპონიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის უფრო მეტად განვითარების  და  სხვადასხვა  ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით აკადემიის ასისტენტ-პროფესორი თორნიკე ქიმერიძე სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიაში.

იაპონიის მთავრობის ორგანიზებით მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, აკადემიის ასისტენტ-პროფესორი თორნიკე ქიმერიძე ოფიციალური ვიზიტით მიწვეული იყო იაპონიაში, სადაც შეხვდა იაპონიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს, ცნობილ მეცნიერებს, მკვლევარებს და ექსპერტებს. აგრეთვე, ჰქონდა ვიზიტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგის წამყვან ინსტიტუტებში, როგორიცაა: მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაცია, იაპონიის ატომური ენერგიის სააგენტო და კვანტური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტები.

საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (ISTC) ჯილდოს გამარჯვებულები ოფიციალური ვიზიტით მიწვეულები იყვნენ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც შეხვდნენ განიარაღების, გაუვრცელებლობისა და მეცნიერების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს მინისტრის თანაშემწეს  ბატონ კაცურო კიტაგავას, ISTC მმართველი საბჭოს წევრს და სამინისტროს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის დირექტორს ბატონ კაცუტოში იშიკავას და სამინისტროს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის დირექტორის მოადგილეს ბატონ ტაცუია კასაჰარას.

საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ პროექტის უფროსი მენეჯერი და აღმასრულებელი დირექტორის უფროსი მრჩეველი ბატონი აიდინ ტურებაევი და პროექტის ოფიცერი ქალბატონი აიზადა ტურეკულოვა.

“სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფებოდით ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალურ მუზეუმში, სადაც ვნახეთ თუ როგორი დამანგრეველი და დამაზიანებელი ეფექტი აქვს მასობრვი განადგურების იარაღის გამოყენებას, კერძოდ ბირთვული იარაღის. მადლიერნი ვართ იაპონიის მთავრობის, რათა მათი მხრიდან მოხდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება არამარტო ბირთვულ ავარიებსა და ინციდენტების სფეროში, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სამეცნიერო მიღწევებში.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობას და სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტს ჩემი კანდიდატურის წარდგენისათვის და მხარდაჭერისათვის".  - განაცხადა  ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასისტენტ-პროფესორმა თორნიკე ქიმერიძემ.