სიახლეები

ძეგლის გახსნის ცერემონიალი აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლის გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რაც სიმბოლურად არის დაკავშირებული  ,,დავით აღმაშენებლის“ ხსენების დღესთან და ეს არის კიდევ ერთი ახალი ფურცელი თანამედროვე აკადემიის ისტორიაში.
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება და აკადემიამ დაარსებიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. 
2003 წლის 20 თებერვალს ეროვნული თავდაცვის აკადემიას წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ პარაკლისი აღავლინა. მსახურებას დაესწრო აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე პირად შემადგენლობასთან და საპატიო სტუმრებთან ერთად. პარაკლისის  დასრულების შემდეგ აკადემიის რექტორმა საპატიო სტუმრებთან ერთად საზეიმოდ გახსნა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლი და ისაუბრა დავით აღმაშენებლის ღვაწლზე საქართველოს ისტორიაში.
ცერემონიის დასასრულს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ,,საპატიო დაფით“  დააჯილდოა ძეგლის ავტორი, ბატონი გიორგი დარსაველიძე.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი კულტურულ - შემეცნებითი სივრცე გაიხსნა აკადემიაში. ახალი სივრცეები ორიენტირებულია სწავლისა და დასვენების პირობების გაუმჯობესებაზე, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე, ისტორიული მოვლენების ასახვაზე და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე.