სიახლეები

ოკუპაციის კვირეული

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ, პირადმა შემადგენლობამ და იუნკერებმა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. აკადემიის კაპელანმა დეკანოზმა დავით კასრაძემ კი, დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში აკადემიის იუნკერებმა 1921 წლის თებერვალში დაღუპულ გმირებს სპექტაკლიც მიუძღვნეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ახალგაზრდებმა გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრში სპექტაკლი „იუნკერები“ წარმოადგინეს და 1921 წლის მოვლენები გააცოცხლეს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა კოჯორში 1921 მეტრზე სიმბოლური გარბენიც განახორციელეს, რომელიც 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების სხოვნას მიუძღვნეს. აკადემიის იუნკერები კოჯორში ის ადგილები მოინახულეს, სადაც 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ახალგაზრდებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს.