სიახლეები

წარჩინებული იუნკერების მშობლების დაჯილდოების ცერემონიალი

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის ბაკალავრიატის, შემოდგომის სემესტრის წარჩინებული იუნკერების მშობლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაზე მოწვეულ მშობლებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე შეხვდა. რექტორმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა: ,, ოჯახის თანადგომას სწავლაში და ყოველდღიურ სამხედრო საქმიანობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მშობლების მიერ სტიმულის მიცემას და სწორ მიდგომებს შეუძლია თითოეული იუნკერისთვის დამატებითი მოტივაციის მიცემა სწავლის დაუფლების რთულ პროცესში. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ იმსახურებთ ჯილდოს სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული შვილების აღზრდისათვის".
აღსანიშნავია, რომ აკადემიაში I, II და III კურსის ყველა იუნკერი იღებს ყოველთვიურ განსაზღვრულ სტიპენდიას 320 ლარს, გარდა ამისა წარჩინებული იუნკერები იღებენ დამატებით სტიპენდიას რეიტინგის მიხედვით.
დამატებითი სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმებია:
რეიტინგული ქულა A+ 95 – 100 ქულა - 300 ლარი
რეიტინგული ქულა A 91 – 94 ქულა - 200 ლარი
რეიტინგული ქულა B 81 – 90 ქულა - 100 ლარი
ხოლო IV კურსის იუნკერების დარიცხული სტიპენდია შეადგენს 1530 ლარს (ხელზე ასაღები 1200 ლარი).
ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს ხორციელდება წარჩინებული იუნკერების (A+ კატეგორიის) მშობლების დაჯილდოვება, ამასთანავე  A და B კატეგორიის  იუნკერების მშობლებს ეგზავნებათ რექტორის სამადლობელი წერილი საცხოვრებელ მისამართებზე.