დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 105 წლისაა. აკადემიის დღესთან დაკავშირებით სამწყობრო მოედანზე ბაკალავრიატის მეათე და საკანდიდატო კურსის მეცხრამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობას იუნკერებსა და მსმენელებს სწავლის წარმატებით დამთავრება მიულოცეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. მათ სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში ახალგაზრდა ოფიცრების როლი.
წელს ბაკალავრიატი 70 იუნკერმა, ხოლო უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი 49 მსმენელმა დაასრულა. კურსდამთავრებულ იუნკერებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, ასევე მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობაში. ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, მიიღეს ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება.
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დღის წესრიგში დადგა ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების საკითხი. „იუნკერთა სამხედრო სკოლამ“ ფუნქციონირება დაიწყო 1919 წლის 20 აგვისტოს. სწორედ ეს თარიღი განისაზღვრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღედ.