სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის 101-მა კურსდამთავრებულმა იუნკერმა ტრადიციულად, სამხედრო ფიცი დიდგორის ისტორიულ ველზე დადო.
აღნიშნულ ტრადიციას საფუძველი აკადემიის რექტორმა და ხელმძღვანელმა პირებმა ჩაუყარეს. სამხედრო ფიცის დადების ღონისძიება სიმბოლურად დაკავშირებულია წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ისტორიულ გამარჯვებასთან, რადგან სწორედ დავით აღმაშენებლის სახელს ატარებს ეროვნული თავდაცვის აკადემია.
აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ კურსდამთავრებულებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ყურადღება გაამახვილა ასეთი სახის ღონისძიების ისტორიულ ადგილზე ჩატარების მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვა მათ. რექტორმა ცერემონიალზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა იუნკერების ოჯახის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ, იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. თეორიული სწავლების ფარგლებში, ისინი გაეცნენ სადისციპლინო წესდებას, გაიარეს საინჟინრო და პირველადი სამედიცინო მომზადება. პრაქტიკული მომზადების ეტაპზე კი, იუნკერებმა შეისწავლეს იარაღის გამოყენების, სროლისა და უსაფრთხოების წესები. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში მათ რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პირობებთან შეგუებაც უწევდათ. კურსდამთავრებულები სასწავლო პროცესს აკადემიაში საბაკალავრო პროგრამების მიხედვით გააგრძელებენ.
ფიცის დადების ცერემონიალის დასასრულს აკადემიის რექტორმა ,,საპატიო სიგელებით“ დააჯილდოვა იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარჩინებული კურსდამთავრებულები, ხოლო აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ დალოცა ისინი.