სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უმასპინძლა პარტნიორობა მშვიდობისთვის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას თემაზე: „დისტანციური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის როლი სამხედრო მზადყოფნისა და სწავლების გაუმჯობესებაში“.
შეხვედრაში ეროვნული თავდაცვის აკადემიასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ათი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ.
აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის ციფრული განათლების სფეროში ცოდნის გაზიარებას, ახალი ტენდენციების განხილვას და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავებას.
სამუშაო შეხვედრის ძირითადი საკითხები მოიცავდა: ციფრული სასწავლო მასალების გაზიარებას მოკავშირე ქვეყნებს შორის, ახალი სტრატეგიების განხილვასა და პრაქტიკულ მიდგომებს, დისტანციური სწავლების როლს ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაში, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს სამხედრო მომზადებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დისტანციური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის როლზე სამხედრო მომზადების გაუმჯობესებაში და განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების ეფექტური ინტეგრაცია თავდაცვის სფეროში.