სიახლეები

შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის რიგით 23-ე კონკურსი იტალიაში, ქ.სანრემოში

მიმდინარე წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის თავდაცვა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ომარ თურმანიძე, მესამე კურსის იუნკერები ბექა კუპატაძე, ანა-მარია ქებაძე და მარიამ ტერტერაშვილი იტალიაში, ქ.სანრემოში, ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის რიგით 23-ე კონკურსს დაესწრნენ.

კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს მომავალი სამხედრო ლიდერებისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გაცნობას და მრავალეროვნულ გარემოში სამხედრო სფეროს პროფესიონალებთან მუშაობის უნარის გამომუშავებას.

შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამხედროსთვის, განსაკუთრებით კი ოფიცრებისათვის, ვინაიდან სწორედ მათ ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა შეიარაღებულ კონფლიქტში სამართლის ნორმების დაცვაზე. შესაბამისად აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება ერთდროულად უდიდესი გამოცდილება და გამოწვევაა. გარდა ამისა, შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის კონკურსში მონაწილეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ საფუძველი ჩავუყაროთ მომავალ ქართველ და უცხოელი ოფიცრებს შორის ძლიერი კავშირების დამყარებას, ვინაიდან მომავალში ქართველ ოფიცრებს სწორედ მათთან მოუწევთ ამ სფეროში თანამშრომლობა.

ღონისძიების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა კულტურული საღამო, სადაც აკადემიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდა მოეხდინათ ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია და ამავდროულად გაცნობოდნენ სხვა მონაწილე ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს.