სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. სასწავლო პროგრამა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა წარმატებით დაასრულეს.
კურსი სამი კვირის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში საჩხერესა და ჭიათურაში განთავსებულ სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. წვრთნების ფარგლებში მონაწილეებმა სამთო-ტექნიკურ მომზადებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები განავითარეს და სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები შეისწავლეს. მსმენელები მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით გადაადგილების, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის ევაკუაციის, კლდეზე დაშვების, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, კლდეზე ცოცვის, მდინარისა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხებს დაეუფლნენ.
კურსდამთავრებულებს კურსის წარმატებით დასრულება პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ მიულოცა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საკანდიდატო კურსის მსმენელი, გოგა ლურსმანაშვილი, რომელმაც კურსის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.