სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის კურსდამთავრებულმა იუნკერებმა ტრადიციულად, სამხედრო ფიცი დიდგორის ისტორიულ ველზე დადეს.
აღნიშნულ ტრადიციას საფუძველი აკადემიის რექტორმა და ხელმძღვანელმა პირებმა ჩაუყარეს. სამხედრო ფიცის დადების ღონისძიება სიმბოლურად დაკავშირებულია წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ისტორიულ გამარჯვებასთან, რადგან სწორედ დავით აღმაშენებლის სახელს ატარებს ეროვნული თავდაცვის აკადემია.
საზეიმო ღონისძიებას აკადემიის ხელმძღვანელელი პირები, იუნკერების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ, იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. თეორიული სწავლების ფარგლებში, ისინი გაეცნენ სადისციპლინო წესდებას, გაიარეს საინჟინრო და პირველადი სამედიცინო მომზადება. პრაქტიკული მომზადების ეტაპზე კი, იუნკერებმა შეისწავლეს იარაღის გამოყენების, სროლისა და უსაფრთხოების წესები. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში მათ რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პირობებთან შეგუებაც უწევდათ. კურსდამთავრებულები სასწავლო პროცესს აკადემიაში საბაკალავრო პროგრამების მიხედვით გააგრძელებენ.
ფიცის დადების ცერემონიალის დასასრულს წარჩინებული კურსდამთავრებულები ,,საპატიო სიგელებით“ დაჯილდოვდნენ და ბოლოს აკადემიის კაპელანმა დალოცა კურსდამთავრებულები.