დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა დისტანციური სწავლების რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „დისტანციური სწავლების გამოწვევები და მომავალი“.
კონფერენცია გაიმართა ერთდღიანი ფორმატით და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებმა, აგრეთვე აზერბაიჯანის თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.
ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა დისტანციური სწავლების განვითარების მნიშვნელობა საქართველოს თავდაცვის განათლების სისტემისთვის და განსაკუთრებით გამოყო მისი როლი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის ზრდის პროცესში.
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს მრავალმხრივი და საინტერესო თემები, მათ შორის: დისტანციური სწავლების მომავალი, სწავლება თანამედროვე უსაფრთხოების გარემოში, დისტანციური სწავლების უსაფრთხოება და ციფრული სივრცის დაცვა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში დისტანციური სწავლების გამოწვევები და სხვა აქტუალური საკითხები.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის როლი თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების განვითარებაში, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამხედრო განათლების ინოვაციური მიდგომების დანერგვაში.